გრინბერგის მეთოდი®

სხეულზე ორიენტირებული თვითშემეცნება

.
.

გრინბერგის მეთოდი® არის პრაქტიკა, რომელიც სხეულის მეტყველებაზეა აგებული და კლიენტების (იხ. განმარტება ბმულზე) ბიოენერგეტიკულ დაბალანსებას, ფსიქო-ფიზიო თერაპიას, ცნობიერების ამაღლებასა და პოტენციალის ზრდას ემსახურება.

მისი მიზანია კლიენტმა გამოიმუშაოს ყურადღება შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესების მიმართ, უკეთ შეიცნოს და აღიქვას საკუთარი სხეული, გათავისუფლდეს ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვებისაგან, გააფართოოს საკუთარი შესაძლებლობები, გახდეს პასუხისმგებელი საკუთარ ჯანმრთელობაზე და გადაიბაროს თავისი ცხოვრების სადავეები. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი ფასდაუდებელი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა, როგორებიცაა: ფიზიკური ტკივილის დაძლევა; ძლიერ ემოციებთან გამკლავება; დამაბრკოლებელი შიშის გადალახვა; ფსიქიკური ბარიერებისაგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღება. ამ მეთოდის გამოყენებით აღმოვფხვრით იმ არასასურველ, განმეორებად და ქრონიკულ ჩვევებსა და განწყობებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხასიათს მივაწერთ ხოლმე და დიდი ხანია მათგან გათავისუფლება გვსურს. გამოყენებული ტექნიკა მისტიკურად ეფექტური და ამავდროულად სრულიად პრაგმატულია, ეყრდნობა სტრუქტურულ სტრატეგიას და ჩვენში დამალულ პოტენციალთან პირდაპირი გზით მივყავართ.

მთავარი პრინციპები

შაბლონური ქცევები

.
.

ცხოვრების განმავლობაში ყველას გვიმუშავდება შაბლონური ქცევები. მათში ის დასწავლილი ქცევები იგულისხმება, რომლებიც გარემოცვასთან ურთიერთობაში გამოვიმუშავეთ და ვერ ვაცნობიერებთ, ან ვაცნობიერებთ და ვერ ვმართავთ. ეს შაბლონები მთელ ჩვენს არსებაში, აღნაგობასა და იერსახეში მჟღავნდება: როგორ ვმოძრაობთ, როგორ ვსაუბრობთ, როგორ გვიჭირავს სხეული, როგორ ვაზროვნებთ, როგორ ვსუნთქავთ და როგორ ვგრძნობთ. 

ვისახებით, ვიბადებით, ვიზრდებით, ვყალიბდებით და ვსწავლობთ გარკვეულ სიტუაციებზე მუდამ ერთი და იგივე მექანიკური რეაქცია გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეაქცია ხელს გვიშლის და გვაწუხებს. ამ გარდაუვალ პროცესში სუსტდება თანდაყოლილი და უნივერსალური, ძირეული ადამიანური ბუნება - ვიყოთ თავისუფალი, მრავალფეროვანი და სპონტანური. დროთა განმავლობაში ითრგუნება ჩვენი ცნობისმოყვარეობა და შინაგანი მოთხოვნილება, რომ ვისწავლოთ, განვვითარდეთ და ახლებური გადაწყვეტილებები მივიღოთ. მოძრაობა, აზროვნება, გრძნობები და ქცევა უფრო და უფრო ხისტი ხდება; საკუთარი თავის, სხვა ადამიანებისა და გარემოების აღქმა კი - მექანიკური და ერთსახოვანი. 

სხეულში ასეთი გზით დაგროვილი გაუვალი ბლოკადები და ე.წ. დამცავი ჯავშანი გვწყვეტენ საკუთარი შეგრძნებების, შინაგანი ინტელექტისა და ინტუიციისაგან, წარმოქმნიან რუტინულ ჩარჩოს, რომელიც ცხოვრებას გვირთულებს და მუდამ გვაფერხებს. ხშირად ერთი და იმავე სიტუაციასა და როლურ ურთიერთობაში ვებმებით და ვერ ვარღვევთ მოჯადოებულ წრეს. გზა-კვალს დამატებით ის გვირევს, რომ ქცევით შაბლონებს ჩვენს ხასიათთან, ან სულაც ჩვენს მე-სთან ვაიგივებთ ხოლმე. ვივიწყებთ, რატომ დაგვჭირდა მათი მორგება, ვეღარ ვგრძნობთ რამდენ ენერგიას ვხარჯავთ მათ შესანარჩუნებლად და როგორ გვაშორებს ის, აღმართული კედელივით, საკუთარ შინაგან ღერძს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაცნობიერებთ კიდეც, თუ რას ვებრძვით და რის გამო ვგრძნობთ თავს ცუდად, არ ვიცით რა და როგორ უნდა შევცვალოთ. ჩვენს პრობლემას იშვიათად აღვიქვამთ როგორც შაბლონის ტყვეობაში ყოფნის შედეგს. კონკრეტული ქცევა ჩვენი პიროვნებისა და ხასიათის ნაწილი გვგონია და სანამ მდგომარეობა სრულიად სავალალო არ გახდება, მასთან ერთად არსებობას ვეგუებით.

დროთა განმავლობაში ცხოვრების ასეთი წესი სხვადასხვა სიმპტომებში მჟღავნდება. ეს შეიძლება იყოს განმეორებადი ან ქრონიკული მდგომარეობები, როგორებიცაა: კუნთების მუდმივი დაძაბულობა, თავის, ზურგის, წელის ან სახსრების ტკივილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა, დაღლილობა, უძილობა ან კონცენტრაციის ნაკლებობა. ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ისეთი განწყობები, როგორებიცაა: შფოთვა, მოუთმენლობა, გაღიზიანება, დარდი და დათრგუნვილობა. სიმპტომების ხანგრძლივი დროით უგულებელყოფისა და ცხოვრების ჩვეული წესით გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმის შინაგანი ინტელექტი ჩვენივე გამოსაფხიზლებლად უფრო ხმამაღალი მიმართვის ფორმებს იყენებს ხოლმე და შედარებით ლმობიერი სიმპტომების კვალდაკვალ ისეთი დაავადებები ვითარდება, რომლებსაც შემდგომში ქირურგიული ან ქიმიური ჩარევა ესაჭიროება.

შაბლონების გატეხვა

.
.

შაბლონები სხვა არაფერია, ფსიქიკის მიერ თავდაცვის ან გარემოსთან კოოპერაციის მიზნით შემუშავებული და დამახსოვრებული რეაქციის ფორმების გარდა. მათი ჩამოყალიბება ყოველთვის თავისუფალი ნების გატეხვის ხარჯზე ხდება და ხშირად შიშთან და ტკივილთან არის დაკავშირებული. სანამ პატარები და ღრუბელივით ფაფუკები ვართ, მტრულ გარემოცვას გაუფილტრავად ვისრუტავთ და გადასარჩენად ძლიერი ფარ-აბჯარი გვესაჭიროება. იმის გამო, რომ ჩვენი აღზრდის პროცესი, ძირითადად, გაუცნობიერებელ, დაუნახავ და უხეშ მოპყრობას ეფუძნება, შინაგანი იმპულსებისა და ემოციების მოთოკვის მექანიზმებს მალევე მივმართავთ და ამას, ჩვეულებრივ, სუნთქვის შეკავებითა და კუნთების დაჭიმვით ვახერხებთ. ასეთი ფორმით დათრგუნვილი ენერგია სხეულის სიღრმეში იტუმბება და მოხუფულივით, დროთა განმავლობაში, ცნობიერი აღქმის მიღმა რჩება. ამ ხუფის შენარჩუნებას ორგანიზმი დიდი რაოდენობით ენერგიას ახმარს. ასეთი ხუფებით არის ჩვენი სხეული სავსე და ყველა ხუფის უკან შესაბამისი ისტორია და გამოცდილება ინახება.

გრინბერგის მეთოდის® სეანსზე სწორედ ამ ხუფების გახსნის ხარჯზე თავისუფლდება ენერგია, რომელიც მის გასაკავებლად იყო გამოყოფილი; სხეულში დამახსოვრებული გამოცდილება ზედაპირზე ამოდის; შესაძლებელი ხდება დამარხული იმპულსის თავისუფალი გამოხატვა და ნეგატიური და შიშისმომრგველი გამოცდილების პოზიტიურად ტრანსფორმირება; ძველი მარაგისაგან გამოთავისუფლებულ უჯრედებში ენერგიის შეუფერხებელი დინება ორგანიზმის თვითგანკურნვის პროცესს უდებს სათავეს; საკუთარი ძალის შეგრძნებით ვსწავლობთ მივცეთ თავს უფლება ვიყოთ დამოუკიდებელი, ვიცხოვროთ და გამოვხატოთ თავი ჩვენი ბუნების შესატყვისად და მოზღვავებული ენერგია ჩვენი მიზნების განსახორციელებლად მივმართოთ, როგორც ეს ჩვენს შინაგან ხმას, სულს, გულს და განგებას ყოველთვის სურდა და დაგვავიწყდა.

სეანსის მსვლელობა

.
.

თითოეული სეანსი შედგება უშუალო, კონტაქტურ-ფიზიკური დამუშავების, სუნთქვის რეგულაციისა და ვერბალური მითითებებისაგან. პრაქტიკოსი ასრულებს ტრენერის როლს, რომელიც კლიენტს მისი სხეულისათვის დამახასიათებელ შაბლონურ ქცევებზე ყურადღების გამახვილებას ასწავლის. სეანსზე გამოყენებული ტექნიკებისა და ბიოენერგეტიკული იმპულსების ხარჯზე კლიენტი თანმიმდევრულად სწავლობს მასში გამომჟღავნებული რეაქციების აღქმას, აცნობიერებს წარსული ცხოვრების განმავლობაში გამომუშავებულ თავდაცვით მექანიზმებს და მტკიცედ გამჯდარ შაბლონურ პროცესებს. სეანსებზე შიშსა და ტკივილთან ახლებური მიდგომის გავარჯიშებით ვითარდება თავისუფალი არჩევნის ნება და ახლებური გადაწყვეტილების მიღების უნარი. შედეგად სხეული თავისუფლდება მასში ჩაბეჭდილი ტრავმებისაგან; იხსნება ემოციური ბლოკადები მათთან დაკავშირებულ სიხისტესა და მოძრაობის შეზღუდვასთან ერთად; კლიენტები უფრო და უფრო სრულყოფილად შეიგრძნობენ საკუთარ თავს ერთ მთლიან ორგანიზმად, სადაც სული, ხორცი, გონება და ფსიქიკა ერთმანეთისაგან განუყოფელი, ჰარმონიულად შეთანხმებული შრეებია.

კლიენტისა და პრაქტიკოსის როლი

.
.

გრინბერგის მეთოდსა® და ბიოენერგეტიკული მკურნალობის, ან კი თერაპიული მასაჟის სხვა ცნობილ ფორმებს შორის ძირეული განსხვავება ის არის, რომ გრინბერგ-პრაქტიკოსი არ არის უბრალოდ მომსახურე პერსონალი, რომელიც პასიურად მყოფ კლიენტს აქტიურად დაამუშავებს და შინ გაუშვებს, ან სიმპტომებს უმკურნალებს და ჩივილებს მხოლოდ გარკვეული დროით შეუმსუბუქებს. გრინბერგის სეანსის დროს კლიენტი აცნობიერებს პრობლემის გამომწვევ მიზეზს და პრაქტიკულად სწავლობს, თუ როგორ შეწყვიტოს ჩივილის პირველწყაროს თვითწარმოება. კლიენტსა და პრაქტიკოსს შორის ყალიბდება თანამშრომლობის ინდივიდუალური პარტნიორული შეთანხმება – კლიენტი განსაზღვრავს კონკრეტულ ამოცანას, ხოლო პრაქტიკოსი გამოსავალს მიუთითებს. წინასწარ შეთანხმებული მიზნის მისაღწევად, ორივე მხარე ერთნაირი ძალისხმევით და ენთუზიაზმით მუშაობს. 

 

სეანსის დროს მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის მიზანშეწონილია კლიენტმა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღების და ცვლილებების შეტანის მზაობა გამოიმუშაოს. ეს რთული და ძალიან საინტერესო გამოწვევა ნებისმიერი ადამიანის ბედნიერების გასაღებია. მხოლოდ ასე იქმნება საჭირო საფუძველი იმისათვის, რომ პიროვნების თანდაყოლილი მიჩქმალული უნარები სრული პოტენციალით გამომზეურდეს და თავისუფლად განვითარდეს. ამდაგვარად, გრინბერგის მეთოდი® კლიენტს ყველა იმ სამუშაო იარაღით აღჭურვავს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების გამოწვევებთან გასამკლავებლად,  ინდივიდუალური, დამოუკიდებელი და ახლებური გადაწყვეტილებების მისაღებად არის საჭირო.

 

გრინბერგის მეთოდის® წარმომავლობა

.
.

ავი გრინბერგმა სხეულზე ორიენტირებული სამკურნალო ტექნიკების შესწავლა 70-იან წლებში დაიწყო. გაეცნო სხვადასხვა კონტინენტების ძირძველ სამედიტაციო და სუნთქვით მეთოდებს და კლიენტებთან მუშაობის დროს საკუთარი გამოცდილების მიღებისას სხეულის მდგომარეობის უამრავ ფორმებს გადააწყდა. მისი მეთოდის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ჯარში მსახურობის დროინდელმა დაკვირვებებმა შეასრულა, თუ როგორ რეაგირებდნენ ჯარისკაცები შიშსა და ტკივილზე. თავდაპირველად ავი გრინბერგი კლიენტებს როგორც მკურნალი ისე ამუშავებდა და ქრონიკულ ტკივილებს უამებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზოგიერთი კლიენტი ორ-სამ თვეში, ზოგიც კი წლების მერე მასთან იმავე სიმპტომებით ბრუნდებოდა. მათი ხელმეორედ აღმოფხვრა უფრო და უფრო რთული ხდებოდა. ამ გამოცდილებით ავი გრინბერგმა გაიაზრა, რომ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისგებლობის აღება ბევრად უფრო მდგრად და ხანგრძლივ შედეგებს იწვევს. საჭირო იყო კლიენტებს ესწავლათ საკუთარი ქცევის შეცვლა და აღარ ყოფილიყვნენ დამოკიდებული  მასზე, როგორც მკურნალზე. მკურნალის ნაცვლად ის გახდა მასწავლებელი, რომელიც თავის კლიენტებს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ბედნიერებაზე და განვითარებაზე ზრუნვის გადაბარებას ასწავლის.

თავისი მეთოდის სწავლება ავი გრინბერგმა 80-იანი წლებიდან დაიწყო. დღესდღეისობით მისი მეთოდი ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში, შვეიცარიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლება. ევროპის ქვეყნებში, ისრაელში და ამერიკაში ამ მეთოდით ასობით პრაქტიკოსი მოღვაწეობს. ავი გრინბერგი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორის Holistic Reflexology (1989), Fear, Pain and Some Other Friends (1994) და Becoming Yourself (2021).  ის დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას და, ძირითადად, მძიმე ტრავმატული დაზიანებებისაგან გამოსაჯანსაღებელ სეანსებს ატარებს. მეთოდის განვითარება მისთვის განუწყვეტელი ძიების პროცესია. კოვიდ-19 -ის გამო გამოწვეული კარანტინის პერიოდში, როდესაც კლიენტებთან პირისპირ მუშაობა შეიზღუდა, გრინბერგის მეთოდის® ოფიციალურ Facebook- და Youtube გვერდებზე მან ახლად შემუშავებული live-სეანსები გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა გრინბერგის მეთოდი® პრაქტიკოსის მონაწილეობის გარეშე გამოსცადოს. შედეგით განცვიფრებული დარჩებით.


მე

 

.

.

გრინბერგის მეთოდი® საკუთარ თავზე პირველად 2018 წელს გამოვცადე. კლიენტის როლში მიღებულმა გამოცდილებამ ჩემში დიდი ძვრები გამოიწვია. თავი ფილმ "მატრიქსის" გმირი მეგონა, წითელი აბის გადაყლაპვის შემდეგ. მივხვდი, ხელში ის გასაღები მეჭირა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. მალევე გამიჩნდა სურვილი ამ მეთოდს თვითონ დავუფლებოდი. დავასრულე გრინბერგის სასწავლებელი კურსის საფუძვლები და ვაგროვებ პრაქტიკულ გამოცდილებას ჩემს პირველ კლიენტებთან. ბერლინში მცხოვრებ სეანსის მიღების მსურველებს ან ზოგადად მეთოდით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციისათვის ამ გვერდის საშუალებით მომმართოთ.

 

 

გრინბერგის მეთოდის® ეფექტი ჩემზე

.

.

.

.

.

.

კონტაქტი 

 

Hinweis: Bitte die mit * gekennzeichneten Felder ausfüllen.